ENGLISH
 

13.10.2021   ბეჭდვა
შეიტანე წვლილი. #იყავი კიბერფრთხილი - საქართველო კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვეს აღნიშნავს

ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო ტრადიციას უერთდება და წელს პირველად, კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას იწყებს. კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე, მსოფლიო მასშტაბით, ოქტომბერში აღინიშნება. წლევანდელი სლოგანია - შეიტანე წვლილი. #იყავი კიბერფრთხილი.

ციფრული ტექნოლოგიების მიღწევები სწრაფს და ეფექტიანს ხდის ფინანსური და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების მიღებას, ამავდროულად, იზრდება გარკვეული კიბერრისკებიც. საბანკო/საფინანსო ინფორმაციის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ქვეყნის მთავარმა ბანკმა არაერთი პროექტი უკვე განახორციელა.

საქართველოს ეროვნული ბანკი, საბანკო ასოციაციისა და ექვსი კომერციული ბანკის - თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის, ვითიბი ბანკი ჯორჯიას, ბაზისბანკის, ლიბერთი ბანკის და პაშა ბანკი საქართველოს ჩართულობითა და მხარდაჭერით, კიბერცნობიერების ამაღლების მიზნით, კიბერუსაფრთხოების თემაზე შექმნილი პოსტერებისა და სლოგანების კონკურსს აცხადებს.

ეროვნული ბანკი, კიბერცნობიერების ამაღლების თვესთან დაკავშირებულ აქტივობებს ფინანსური განათლების პორტალ ფინედუსა (www.finedu.gov.ge) და კომერციულ სექტორთან ერთად მთელი თვის განმავლობაში განახორციელებს.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.  

<< უკან

 
 
Copyright © 2021 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service